Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/239
Title: ბარბარე ჯორჯაძე
Keywords: პორტრეტი
ჯორჯაძე, ბარბარე (1833–1895)
Abstract: ბარბარე ჯორჯაძე – დაიბადა ერისთავთა საგვარეულო სოფელ ქისტაურში, ბეჟან ერისთავის შთამომავლის, დავით რაფიელის ძე ერისთავის ოჯახში 1833 წელს და ამავე ოჯახში აღიზარდა. ბარბარეს აღზრდაში გარკვეული წვლილი მიუძღვის გამდელ დილავარდისას, რომელიც ბავშვს უკითხავდა წიგნებს, ასწავლიდა ლოცვებს, ზღაპრებს, ლეგენდებს. თორმეტი წლის იყო ბარბარე, როდესაც გაათხოვეს. ყმაწვილი ქალი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ცხოვრების ამ საფეხურს, შემდეგ კი უსიტყვოდ დაემორჩილა ბედს; დასახლდა გრემს, თავისი ქმრის, სამხედრო კარიერაში ხელმოცარული ზაქარია ჯორჯაძის ოჯახში. სრულიად ახალგაზრდა ქალი სამი შვილის (მიხეილი, ნოშრევანი, მანანა) დედა გახდა. 50-იან წლებში ხშირი ყოფილა ლეკთა ყაჩაღური თავდასხმები. მწერალი ქალი ქისტაურში, თელავში, გრემში არაერთხელ შესწრებია მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკებას. კახეთის სოფლებზე ლეკების 1854 წლის ივლისის თავდასხმა ბარბარეს აღწერილი და გამოქვეყნებული აქვს ''ივერიის“ ფურცლებზე. 60-იან წლებში საგლეხო რეფორმის გატარების შემდეგ ბარბარე იძულებული იყო მიეტოვებინა სოფელი და ქმართან ერთად ეცხოვრა ხან ზუგდიდში, ხან ლაილაშში, ხან თელავში. ხანდაზმული, ჯანმრთელობაშერყეული ბარბარე 1889 წლიდან ცხოვრობს ლენქორაში, თავის ვაჟთან მიხეილთან, რომელიც აქ მაზრის უფროსის თანაშემწედ მსახურობდა. ლენქორაში ბარბარე მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა. აქვე გარდაიცვალა მისი მეუღლე ზაქარია. 1893 წელს ბარბარე ჯორჯაძე რძლისა შვილიშვილების თანხლებით ლენქორანიდან კახეთს ჩავიდა, სადაც ყველაზე ბედნიერი დღეები გაატარა. 1895 წლისათვის იძულებული შეიქნა კვლავ თავის შვილთან, მიხეილთან, დაბრუნებულიყო ლენქორაში. იგი 10 აპრილს შვილიშვილებთან ერთად თბილისისაკენ გამოემგზავრა. გზაზე ცუდად იგრძნო თავი. მოხუცმა მისთვის ესოდენ ძვირფასი სიტყვების ჩურჩულში: ''დედაშვილობას ბევრს არგთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო,"- განუტევა სული. ბარბარე ჯორჯაძის ნეშტი ჩამოასვენეს თელავში. 14 აპრილს, დილის 10 საათზე, დაასვენეს თელავის ტაძარში. ბარბარე ჯორჯაძე დაკრძალულია თელავის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ძმის, რაფიელ ერისთავის გვერდით.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
jorjadze barbare.a.jpg165 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.