Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/319718
Title: ანა/ანეტა ყიფიანი-აბაშიძე და დიმიტრი, ანუ მიტო/მიტუშა, აბაშიძე
Keywords: ყიფიანი-აბაშიძე, ანა/ანეტა ზაზა/ზაალის ასული(1861 – 1944)
აბაშიძე, დიმიტრი/მიტო/მიტუშა ლევანის ძე(1879 – 1924)
Abstract: ანა/ანეტა ყიფიანი-აბაშიძისა // მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, როგორც წესი, ანა წყვეტდა ფულთან დაკავშირებულ საკითხებს იმ უსაშველოდ დიდი ქონების კერიაში, რომელზეც ხალხმა დღემდე შემდეგი მოგონება შემოგვინახა: ,,აბაშიძეების სასახლის წინ სამი ეტლი ჩერდება: პირველში მუსიკოსები სხდებიან, მეორეში – თვითონ, მესამეში კი მათი სამოსი აწყვიაო’’. მართალია, ეს სასახლე უკვე აღგვილია პირისაგან მიწისა, ანუ ხაშურში ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი უკვე ბევრი წელია რაც კენტად დგას, მაგრამ ქართლის აბაშიძეების მთავარი საგვარეულო საცხოვრისი სოლოლაკში ქართველებს დღემდე პირვანდელი სახით გვაქვს. წინიდან სამ და უკნიდან ოთხსართულიანი შენობა პირველი სკოლის მხარეს პატარა ეზოსაც იტევს და თავიდან პეტრე დიდის, შემდეგ ტროცკის, მერე ძერჟინსკისა და ამჟამად ინგოროყვას სახელობის ქუჩაზე ისევ 25-ე ნომრით გვაწონებს თავს. ანა ყიფიანმა ქმრისეული ქონება საცხოვრებელი ნაგებობის კუთხით, როგორც თბილისში, ისე ხაშურში მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლო წლებისკენ დაკარგა და ამიტომ რუსული ბაზრის მოედანზე, ანუ კოლმეურნეობის მოედანზე, მდებარე მშობლებისეულ სახლში დაიდო ბინა. აბაშიძის ქვრივის გვერდით ცხოვრობდა მსახიობ დიმიტრი ყიფიანის, მარიამ(მარგარიტა) ყიფიან-რუხაძისა და მარიამ(მარი/მარუსია) მაჭავარიანის კომლი. დიმიტრი და მარიამ ყიფიანები იყვნენ ანას ძმის, მიხეილის, შვილები, ხოლო ანას უმცროსი დის, ბარბარეს, ქალიშვილი და დავითის, ანუ ტუზიკას, და გახლდათ მარიამ ნიკოლოზის ასული მაჭავარიანი. ის პირველად ოფიცერ კონსტანტინე ნაცვლიშვილზე გათხოვდა, მოგვიანებით კი მეწარსულესა და მწერალ ივანე ენიკოლოფაშვილზე. გამოხდა ხანი და ახლა უკვე გრიბოედოვის მოედნის სახელით ცნობილი სივრცე სახელმწიფომ მოცემული ადამიანების ძველი, სამ-ოთხსართულიანი და მწვანემოაჯირებიანი საცხოვრებლისაგან გაათავისუფლა, აღნიშნულამდე კი ამ წარჩინებულთა სახლის მესაკუთრეები მომცრო ბინებში გადაასახლა. აბაშიძის ქვრივისა და მისი დიშვილის კომლს ისევ ერთმანეთის მეზობლად მოუწიათ ცხოვრება ახალ საარსებო გარემოში, თავისუფლების მოედანზე, ბერიას რაიონში, დვარცოვის/კომინტერნის 3 ნომერში, სადაც დღესდღეობით ვეება სავაჭრო ნაგებობა დგას. იტალიური ეზოს მეორე სართულზე ანეტა ყიფიანის 2-ოთახიანი ბინა, რომელიც სავსე იყო ძვირადღირებული ავეჯით და ჭურჭლით, მოხუცის გარდაცვალების მერე ქვეყნის მხრიდან ხელოვნურად შექმნილი უპატრონობის გამო გაიქურდა, ხოლო ამ სახლის საპირწონედ კი ახალი საცხოვრებელი ადგილი აღარავის მიუღია. დიმიტრი აბაშიძის დედა განსაკუთრებით ზრუნავდა იმ გლეხი არჯევანიძეების კომლზე, რომელსაც მისი ბიჭი შვილიშვილის, ნოკოლოზის, პატრონობა ევალებოდა. ამასთან, ანეტამ გაზარდა უშუალოდ თავისი ვაჟის ულამაზესი ასული ელენე და ამ უკანასკნელის ერთადაერთი ბავშვი მამულაიშვილი ლევანი, დიმიტრი, მიტო, ანუ დიკი, რომელიც მოგვიანებით ფილოსოფოსი გახდა. ანა აბაშიძის/ყიფიანის შთაგონებით მწერალმა კოტე ხიმშიშვილმა დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები ,,ბებია ელისაბედი", ხოლო მწერალმა, მთარგმნელმა და ისტორიკოსმა, დოდო ხიმშიშვილ-ვადაჭკორიამ, – მოთხრობა ,,მზისფერი კაბა" და მოგონება ,,ჯადოქარი ძია". //
დიმიტრი, ანუ მიტო/მიტუშა, აბაშიძე // ,,მაკინეს ხმა შესწევდა. მღეროდა შესანიშნავად... მართალია, იგი ქართლში, საღოლაშენში, ცხოვრობდა, მაგრამ თბილისში ნადიმ-წვეულებებს ხშირად ესწრებოდა. ლხინის დროს მას ლეკური უნდა ეცეკვნა. ამისთანა დროს მაკინესთან სალეკუროდ იწვევდნენ ქართლის შესანიშნავ მოცეკვავეს ლევან აბაშიძეს. ლევანის შემდეგ მაკინესთან ცეკვავდა მისი შვილი მიტო აბაშიძე'', – აი ასეთი ცნობების ამოკითხვის საშუალებას იძლევა ივანე ლოლაშვილის ნაწარმოები ,,ოცი წელი გიორგი ლეონიძესთან''. ისე, ლევანი და დიმიტრი აბაშიძეები კარგი ხმის პატრონებიც იყვნენ, მაგრამ, როგორც წესი, სცენაზე არ მღეროდნენ. "ზაზა ყიფიანს ჰყვანდა ორი ქალი და ორ ვაჟს ვიცნობდი. დანარჩენი, არ ვიცი, ჰყვანდა კიდევ თუ არა. უფროსი ქალი ჰყვანდა ლევან აბაშიძეს, მშვენიერ მოლეკურეს. მეორე და იყო ნათლული ბიძაჩემისა, ტუზიკის დედა. ლევან აბაშიძეს ჰყვანდა ერთადერთი ვაჟი მიტუშა აბაშიძე, მშვენიერი მეთარე, მომღერალი და განთქმული მოლეკურე’’, – გვაუწყებს ელისაბედ ელიზბარის ასული ერისთავი თავისი მოგონებიდან. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გამოვლენილი სახსრების მწვავე რევმატიზმის მიუხედავად, მიტო მაინც ახერხებდა თავისი მოწოდების სიმაღლეზე ყოფნას. თავადის სხეულის უცნაური მიხვრა-მოხვრა და ლამაზი მეორე ხმა ხალხს შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ირაკლი რუხაძის მიხედვით, თურმე, ხაშურში რუსეთის ხელმწიფის, ნიკოლოზ მეორის, მიღებისას მიტუშას ცეკვის დროს ფეხის გასმით მიწაზე ორთავიანი არწივი გამოუსახავს. ამით აღფრთოვანებულ მმართველს დიმიტრისთვის უკითხავს, თუ რას ისურვებდა ის მეფის მხრიდან აღნიშნული სანახაობის სანაცვლოდ. თავადს არ გაჭირვებია პასუხის გაცემა და მრავლისმეტყველი წინადადება უთქვამს: ,,მსურს შინ სტუმრის მშვიდობით დაბრუნებაო''. თავის მხრივ, მურად მთვარელიძე დიმიტრი აბაშიძისადმი მიძღვნილ ლექსში დარდიმანდ თავადს ცეკვის დროს მიწაზე მის გვარსა და სახელს აწერინებს, უწოდებს ნამდვილ ქართველს და თაობათა ცვლას დაუმორილებელ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ახსენებს საზოგადოებას თავს საჭირო დროსა და სივრცეში. სურსათის სახალხო კომისარიატის თანამშრომელი მიტო აბაშიძე 1923 წლის 29 მარტს, ღამით, გადატრიალების საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით დაუმსახურებლად დააპატიმრეს და იმავე წლის 23 აპრილს 12 კაცთან ერთად ცნეს უდანაშაულოდ. უფრო ზუსტად კი, მოცემული ხალხის შეპყრობა მოხდა ,,ყუბანისა და კაზაკი მოლაშქრეების გათავისუფლების’’ სახელით ცნობილ საზოგადოებრივ გაერთიანებასთან მათი საეჭვო კავშირის გამო, რასაც საბჭოთა ხელისუფლება 1920 წლიდან ადევნებდა თვალყურს. დიმიტრი აბაშიძე ზემო ჭალიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე ირაკლი მიხეილის ძე მურვანიშვილთან და კიდევ რამდენიმე ცისფერსისხლიანთან ერთად აგვისტოს აჯანყებაში მონაწილების ბრალდებით ბოლშევიკებმა 1924 წელს უკანასკნელად შეიპყრეს. მოკლედ, მიტოს ისევე გაუსწორდნენ, როგორც მისი ბიძაშვილის, ნინო ვასილის ასულ ბაგრატიონ-დავითიშვილის, მეუღლეს, სიმონ(სიმონიკა) ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელს, ეგრეთ წოდებულ ორბს, მიტუშას ორ ბიძას: ბაგრატ და სოლომონ ედიშერის ძე ბაგრატიონ-დავითიშვილებს, დიმიტრის ბიძაშვილს, დავით სოლომონის ძე ბაგრატიონ-დავითიშვილს, და ბიძაშვილის, თეკლე სოლომონის ასულ ბაგრატიონ-დავითიშვილის, მეუღლეს, სოლომონ ბესარიონის ძე ფალავანდიშვილს. ამასთან, უნტერ-ოფიცერი დიმიტრი აბაშიძე და ზემოთაღნიშნული ბაგრატიონ-დავითიშვილები იყვნენ თავად როსტომ, ანუ რომანოზ, ზაალის ძე ბაგრატიონ-დავითიშვილისა და მარიამ იოანეს ასულის სიძვის გზით გაჩენილი ნაბიჭვრის, თავად სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილის, შთამომავლები. დაბოლოს! დიმიტრი ლევანის ძე აბაშიძე იცნობდა იოსებ ჯუღაშვილს და ერთხელ დაეხმარა კიდეც კობას თავშესაფრის პოვნაში. სტალინის ჯგუფელი და ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი მამა პეტრე კაპანაძე მსახურობდა აბაშიძეების კარის სალოცავში, ანუ ზემოჭალის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. აღნიშნულმა მღვდელმა აუგო წესი დიმიტრის ღვიძლ ბიძას, ივანე დიმიტრის ძე აბაშიძეს, და მიტუშას გლეხს, პეტრე მათეს ძე არჯევანიძეს, რომელიც თავადის მრუშობის გზით გაჩენილი ნაბიჭვრის, ნიკოლოზის, აღმზრდელი/გამზრდელი მამა გახლდათ. როგორც აღვნიშნეთ, 1924 წელს დიმიტრი აბაშიძე მონაწილეობდა აგვისტოს აჯანყებაში, ანუ ჩვენ ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე დიდ საყოველთაო-სახალხო შეიარაღებულ გამოსვლაში, რაც მიმართული გახლდათ საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. მოცემულ მოვლენასთან დაკავშირებით მეტად ღირებულ ცნობებს გვაწვდის ყინწვისელი თავადის, ივანე გიორგის ძე ციციშვილის, ნათლული, 1883 წლის 2 აპრილს სოფელ ხვედურეთში დაბადებული თავადი – ივანე გიორგის ძე ციციშვილი, რომელიც დროთა განმავლობაში ჯავახიშვილის სახელობის უმაღლეს სასწავლებლის ბიბლიოგრაფიული განყოფილების კათედრის გამგე გახდა და ბოლოს მთელი ამ დაწესებულების ხელმძღვანელიც. მოკლედ, ივანე ციციშვილის მოგონება ,,60 წლის მანძილზე'' დიმიტრი აბაშიძესთან მიმართებაში სრულდება შემდეგი ჩანაწერით: ,,საკურველია, რომ სიკვდილის წინ ამ დაცემულ ადამიანში გაიღვიძა წინაპართა გმირულმა სულმა. ხაშურის რაიონში რომ ადგილობრივი თავად-აზნაურნი, ღვდლები და ჩარჩ-ვაჭრები დააპატიმრეს, ნაწილს სიკვდილის განაჩენი გამოუცხადეს. ამ უკანასკნელთა შორის მიტუშაც ერია. ქალაქ გარეთ გაიყვანეს. მხლებელთ შორის ზოგი ისინიც იყვნენ ვისაც მიტუშასთან არა ერთი დროება გაუტარებია. მიტუშამ მიმართა მათ: ,,ბიჭებო თქვენ რომ ბრძანების შეუსრულებლობა არ შეგიძლიანთ ეგ მეც ვიციო, მარა ამ თქვენს მეზობელს და თქვენთან შეზრდილს ეს სურვილი ამისრულეთო: სიკვდილის წინ ერთიც მაცეკვავეთო''. ცნობილ სინო მეზურნის გავლენით ნახევარმა ხაშურმა სტვირისა და დუდუკის დაკვრა იცის. მართლაც, ერთ ბიჭს ჯიბეში სტვირი აღმოაჩნდა. ამანაც დაუკრა დავლური, მეორემ თოფის კონდახზე დაირის ხმა ააყოლა. ხელებ შეკრული მიტუშა გამოვარდა და გაუსვა თავისებურად, ამ დროს იგრიალა თოფმა, გულაღმა დაცემულ მომაკვდავ მიტუშას კვლავ ღიმი უკრთოდა''. ვაგლახ, რომ 1924 წელს სისხლიანი პირველი სექტემბერი გათენდა. და, როცა თბილისში მეტეხის ციხეში შეფიცულებმა სიკვდილის წინ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი გულშიჩამწვდომი სიმღერა იმღერეს, დიმიტრი აბაშიძემ საკუთარ ყანაში დავლური იცეკვა. //
Description: დიმიტრი აბაშიძეს თავზე ქუდი ახურავს
Owner: ზურაბ ჭიქაბერიძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Zurab_Chikaberidze_44.jpg252.17 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.