Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/634
Title: დეკანოზიშვილი გიორგი
Keywords: პორტრეტი
დეკანოზიშვილი, გიორგი გაბრიელის ძე (1868-1910)
Abstract: გიორგი დეკანოზიშვილი - პოლიტიკური მოღვაწე, ინჟინერი. დაწყებითი განათლება გიორგი დეკანოზიშვილმა თბილისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. შემდეგ მამის სურვილით სწავლა მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა, მაგრამ სამხედრო კარიერა არ აინტერესებდა და პეტერბურგში გადავიდა, სადაც 1892 წელს წარჩინებით დაამთავრა სამთო ინსტიტუტი. პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს აქტიური წევრი იყო. სტუდენტობის წლებში დაარსა ქართველ და სომეხ სტუდენტთა კავშირი, რომელმაც გამოსცა და გაავრცელა რამოდენიმე ლიტერატურული კრებული. 1892 წელს გიორგი დეკანოზიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. 1895 წლამდე მუშაობდა ჭიათურის მარგანეცის მრეწველის ნ. ღოღობერიძის საბადოების გამგედ, ხოლო 1895-1897 წლებში ბაქოში, ნობელის ნავთის სარეწებზე. მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სპეციალისტმა. მისი გამოკვლევები მანგანუმის მრეწველობისა და მომავლის შესახებ ხშირად იბეჭდებოდა გაზეთებში. ინჟინრად მუშაობასთან ერთად მაშინვე ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1894-1895 წლების სეზონისთვის იგი ავჭალაში ქართული თეატრის შექმნის საქმეს ხელმძღვანელობდა. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში". იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი. გიორგი დეკანოზიშვილმა 1899-1900 წლებში იმოგზაურა ევროპაში. იყო ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში. სრულყო ევროპული ენების ცოდნა, გაეცნო ამ ქვეყნების სოციალურ– ეკონომიკურ მდგომარეობას. 1901 წელს გიორგი დეკანოზიშვილი თბილისში დაბრუნდა. ამავე წელს შეუერთდა "ცნობის ფურცელის" გარშემო შემოკრებილ სოციალ–ფედერალისტთა ჯგუფს და გახდა მისი ერთ–ერთი ლიდერი. პარტიული მიზნებით მან არჩილ ჯორჯაძესთან და ასოთამწყობ მიხეილ კიკნაძესთან ერთად იმოგზაურა ევროპაში. პარიზში ჩამოასხმევინა ქართული ასოები, რომელიც "პარიზულის" სახელითაა ცნობილი, მოაწყო სტამბა და შემოიკრიბა იქაური ქართველობა. არჩილ ჯორჯაძესთან ერთად მან შეძლო ფრანგ პოლიტიკურ მოღვაწეებთან კავშირის დამყარება და მათი დახმარებით 1903 წელს პარიზში გამოსცა გაზეთი "საქართველო", რომლის პარალელურმა ფრანგულმა გამოცემამ ევროპას ჩვენი ქვეყნის რეალური ისტორია გააცნო. ამით ქართველმა პოლიტიკოსებმა საქართველოს რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლების საკითხი პირველად გაიტანეს ევროპაში. გაზეთ "საქართველოს" ფრანგული ვარიანტის რედაქტორი იყო გიორგი დეკანოზიშვილის ფრანგი მეუღლე – ჰანრიეტა ფრენუა. გიორგი დეკანოზიშვილი იყო ჟენევის 1904 წლის ქართველთა ინტერპარტიული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი და მონაწილე. სწორედ ამ კონფერენციაზე შეიქმნა "ქართველ სოციალისტ–ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია". 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ გიორგი დეკანოზიშვილი ემიგრაციაში წავიდა, ავადმყოფობის გამო აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა, გარდაიცვალა საფრანგეთის ქალაქ კანში. მას ძლიერ სურდა, რომ მისი სხეული ქართულ მიწას მიბარებოდა, ამიტომ თვითონ შეიმუშავა თავისი ცხედრის სამშობლოში კონსპირაციულად შემოტანის გეგმა. ეს გეგმა ზუსტად მოიყვანეს სისრულეში მისმა ახლობლებმა. 1910 წელს იგი საფრანგეთიდან მალულად ჩამოასვენეს და კუკიის სასაფლაოზე ისე დაკრძალეს, რომ მისმა მეგობრებმა ამის შესახებ მოგვიანებით გაიგეს.
Appears in Collections:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
dekanozilshvili giorgi.+.c.jpg223.87 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.