Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/88285
Title: ხულოს ბიბლიოთეკის არქივიდან
Keywords: ბათუმი
ბულვარი
ჯგუფური ფოტო
Issue Date: 1975
Abstract: ბათუმის ბულვარის ისტორია იწყება 1885 წელს. ზღვის სანაპირო ზოლში სასეირნო ადგილის შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის ა.სმეკალოვის ინიციატივით განხორციელდა. ამ იდეის განსახორციელებლად ქალაქის ხელმძღვანელობამ ფრანგი თავადი, მებაღე-დეკორატორი მიხეილ დ’ალფონსი მოიწვია, რომელიც 1885 წელს ქალაქის მთავარ მებაღედ დაინიშნა. ამ მოვალეობის შესრულების დაწყებამდე, მ.დ’ალფონსი ქალაქის მახლობლად, თავის საკუთარ მამულში, ზღვისპირა კონცხზე, „მცირე რივიერას“ ქმნიდა, რისთვისაც სამხრეთ საფრანგეთიდან გამოიწერა და დანერგა იშვიათი დეკორატიული მცენარეები. მ.დალფონსმა ბულვარი გაამდიდრა იშვიათი ჯიშის მცენარეებით, რომელიც ჩაქვის საკუთარი მამულიდან გადმორგა. ბულვარის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში განსწავლულ ი.გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარის და სანერგის მმართველად. 1933 წლამდე მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ქალაქის პარკისა და ბულვარის ნარგავთა თითქმის მთლიანი განახლება. ბულვარის გრუნტი რიყის ქვისა და ქვიშის ფენას წარმოადგენდა. ამიტომ, ნარგავებისათვის საჭირო ხელოვნური ნიადაგის შექმნის მიზნით მიწას და ნაკელს ახლომდებარე ადგილებიდან ეზიდებოდნენ. ამდენად, ბულვარის გაშენებამ ძალიან დიდი ძალისხმევა და ხარჯები მოითხოვა, მაგრამ ადამიანთა დიდი შრომისა და ნებისყოფის შედეგად ბულვარი იქცა ბათუმის ყველაზე კაზმულ ნაწილად და თავისი სილამაზითა და მრავალფეროვნებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელს რუსეთის იმპერიაში. თავიდანვე ბულვარის ნარგავების ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და შედგებოდა წიწვოვანი, მარადმწვანე, ფოთლოვანი ხეებისა და ბუჩქების სხვადასხვა სახეობებისაგან, რომლებიც ისე ლამაზად იყო დაჯგუფებული, კარგად ფორმირებული და მშვენივრად დაგეგმარებული, რომ აღტაცებაში მოჰყავდა მნახველები. ცენტრალური ხეივნები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო სწორი, მრუდე და წრიული ბილიკებით, რომელთა შორის მოწყობილი იყო კლუმბები და გაზონები ხალიჩისებური ყვავილნარებით. ბათუმში ჩამოსულ რუსეთის იმპერიის არისტოკრატებსა თუ თანამდებობის პირებს საკუთარ მოვალეობად მიაჩნდათ ალექსანდრეს პარკისა და ნიკოლოზის ბულვარის მონახულება და იქ ხის დარგვა. 1888 წელს ბათუმს ესტუმრა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახით, რომელთაც პარკსა და ბულვარში ნარგავები დარგეს. ბულვარი ყოველთვის იყო ბათუმელებისა და ტურისტების საყვარელი სასეირნო ადგილი. ბულვარიდან შესანიშნავი ხედია ზღვაზე, საიდანაც კარგ ამინდში მოსჩანს კავკასიონის ქედის თოვლიანი მთები. 1900-იან წლებში ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში განთავსებული იყო მსუბუქი კონსტრუქციების შენობა-ნაგებობები: ბუფეტ-რესტორანი, მუსიკალური როტონდა, სადაც საკურორტო სეზონის განმავლობაში (მაისი-ოქტომბერი) საღამოობით უკრავდა სამხედრო სასულე ორკესტრი, სამკითხველო და ნიჟარის ფორმის ღია სცენა, სადაც იმართებოდა ხოლმე წარმოდგენები. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, ბულვარის მიმდებარე ქუჩის პირას მდებარე კერძო შენობაში, 1889 წლიდან ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - საზოგადო საკრებულო. შენობა 1900 წელს დაიწვა, მაგრამ იგი ორი წლის შემდეგ ისევ აღადგინეს, რაც ბათუმის იმდროინდელი საზოგადოებისათვის ამ დაწესებულების მნიშვნელობაზე მიუთითებს. ეს დაწესებულება, გასაბჭოების შემდეგ, 1929 წელს, წითელი არმიის სახლად გადაკეთდა და მას შემდეგ იგი ოფიცერთა სახლის სახელით იყო ცნობილი. მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის ბათუმი თანდათან იძენდა სამკურნალო კლიმატოლოგიური კურორტის მნიშვნელობას. სულ უფრო იზრდებოდა სამკურნალო მიზნით ჩამოსულ დამსვენებელთა რიცხვი. ბულვარის დასაწყისში, უშუალოდ ზღვის პირას მოთავსებულ ჰიდროპათიურ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო სასურველი ტემპერატურის ზღვის წყლის აბაზანების მიღება. უკანასკნელ ხანებამდე ამ შენობაში იყო ფასიანი პოლიკლინიკა. თუმცა შენობა ახლაც დგას, მაგრამ იგი არ ფუნქციონირებს. 1934 წელს პარკის ცენტრალურ ნაწილში აშენდა კოლონადა (არქიტექტორი ბ.კირაკოსიანი), რომელიც კლასიცისტური სტილის საბაღე-საპარკო არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. ამავე წლებში ბულვარი დაამშვენა იტალიიდან ჩამოტანილმა თეთრი მარმარილოს სკულპტურებმა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. ამ ქანდაკებების გადარჩენილი ნაწილი ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება. 1948 წელს ბულვარში აშენდა ხის მსუბუქი კონსტრუქციის საზაფხულო თეატრი (არქიტექტორები: კ.ჯავახიშვილი და ბ.კირაკოსიანი). ზაფხულობით აქ იმართებოდა კონცერტები და სპექტაკლები საგასტროლოდ ჩამოსული მსახიობების მონაწილეობით. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე თეატრის შენობა 1996 წელს დაიწვა. ახლა მის ადგილას მიმდინარეობს გაცილებით დიდი ზომის თეატრის მშენებლობა, რომელიც 800 მაყურებელზეა გათვლილი (ძველი შენობა მხოლოდ 300 მაყურებელს იტევდა). თუმცა ახალი შენობა ძველს წააგავს, მაგრამ მისი საფასადო და გრძივი დახურული თაღედები იმაზე მიუთითებს, რომ იგი წლის ყოველ დროს გამოსაყენებლადაა აგებული. ისტორიული პერიპეტიები საინტერესოდ აისახა ბულვარის ისტორიაში. 1952-1962 წლებში შადრევნების წინ აღმართული იყო ი.სტალინის ძეგლი, რომელიც 1962 წელს დაანგრიეს, რასაც მღელვარე დემონსტრაცია მოჰყვა. ასლან აბაშიძის მმართველობის დროს აქ მემედ აბაშიძის ძეგლი დადგეს, ხოლო 2008 წლიდან დღემდე აღნიშნულ ადგილზე პლასტიური არქიტექტურული ფორმის ნაგებობა დგას, რომელშიც მმაჩის ბიუროა განთავსებული
Description: ფოტო გადაღებულია ბათუმში 1975 წელს
Owner: ხულოს ბიბლიოთეკა
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Xulos_Biblioteka-009.jpg274.72 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.